ბუასილი, იგივე ჰემოროი, სწორი ნაწლავის დაავადებაა. ბუასილი ორი სახისაა – შიდა და გარე. დაავადება ყალიბდება მაშინ, როდესაც სწორ ნაწლავსა და ანუსის მიმდებარედ განლაგებული სისხლძარღვები მეტისმეტად ფართოვდებიან.
თუ ბუასილის პრობლემა გაწუხებთ, მარტო არ ხართ. ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ყოველი ოთხი გამოკითხული ადამიანიდან სამს ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც აწუხებს.
ცნობილი ფაქტია, რომ ამ დაავადებამ ნაპოლეონიც კი არ დაინდო – ვატერლოოს ბრძოლის დროს ის ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა.
ბუასილის სიმპტომები შეიძლება იყოს: ქავილი უკანა ტანში, ტკივილი, წვის შეგრძნება, სისხლიანი გამონადენი დეფეკაციის დროს.
პირველი ხარისხის ბუასილი – მსუბუქი ფორმა, რომლის სიმპტომიცაა სისხლდენა ანალური არხიდან, მაგრამ არ ფიქსირდება კვანძების ანუსიდან გამოვარდნა.
მეორე ხარისხის ბუასილი – ჭინთვების დროს ჰემოროიდული კვანძები გამოდიან ანუსიდან, თუმცა დეფეკაციის დასრულების შემდეგ თავისით ბრუნდებიან უკან.
მესამე ხარისხის ბუასილი – ჭინთვის დროს კვანძები გამოდიან ანუსიდან, მაგრამ თავისით არ ბრუნდებიან ანალურ არხში, საჭიროა მათი თითით უკან შებრუნება.
მეოთხე ხარისხის ბუასილი – დაავადების მწვავე ფორმა, როდესაც კვანძის ანალურ არხში დაბრუნება პაციენტს თავისით არ შეუძლია.
მსუბუქი ფორმის ბუასილის სამკურნალოდ, ძირითადად, გარეგანი გამოყენების პრეპარატები ინიშნება, რომლებსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ.
გამწვავებული ფორმის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა სამედიცინო პერსონალმა დანიშნოს. ზოგჯერ საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევაც.