ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დიდი სპორტი – ეს არა მხოლოდ დაუვიწყარი სანახაობა და ტელევიზიით დანახული ლამაზი სურათია, არამედ შეუპოვარი ვარჯიში წლების მანძილზე, გამგზავრება შეკრებებზე, სპეციალური დიეტა და შეზღუდვები, სპორტული რეჟიმი, აგრეთვე ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაღლილობა, წარუმატებლობა და სტრესი.
სამწუხაროდ, სპორტში ტრავმა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველას გვახსოვს არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარი ევგენი პლუშენკოს შემთხვევა, რომელსაც არ შეშინებია და ტრავმირებული ზურგით განაცხადი შეიტანა სოჭში, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ბოლომდე მისვლა ხერხემლის ტკივილების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ოცდაათ წელს არის ცოტათი გადაცილებული! თუმცა, მის ანამნეზში აღნიშნულია რამდენიმე საკმაოდ სერიოზული ქირურგიული ოპერაცია. ყველა სპორტულ გუნდში ან ნაკრებში, მწვრთნელებთან ერთად სპორტული ექიმები, მასაჟისტები, ფიზიოთერაპევტები მუშაობენ, რომლებიც თან ახლავთ სპორტსმენებს შეჯიბრებებზე გამგზავრებისას. საიდუმლო არ არის, რომ ძალიან ბევრ სპორტსმენს შეჯიბრებებზე გამოსვლისას ტკივილის დაძლევა უწევს.
სპეციალისტებმა გამოავლინეს ტოპ 5 ყველაზე „პოპულარული“ სპორტული ტრავმა. რაც მთავარია, ისინი არა მარტო პროფესიონალებს შორის არის გავრცელებული, არამედ მოყვარულებშიც (ფიტნეს-კლუბების სტუმრები, ძუნძულით სირბილის, ჩოგბურთის მოყვარულები და ა.შ.). ძალიან ხშირად ტრავმებს საშუალო ასაკის ადამიანები ღებულობენ, რომელთაც უეცრად გადაწყვიტეს „სწორ გზაზე დადგომა“ და შეუპოვრად ვარჯიშს (სირბილი, ცურვა, კუნთების გავარჯიშება) იწყებენ.
კუნთების დაჭიმულობა
ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სპორტული ტრავმაა, ხოლო დაჭიმვა შეიძლება ჩვენი სხეულის აბსოლუტურად ნებისმიერ კუნთზე მოხდეს. ახალბედებს უნდა ახსოვდეთ, რომ ვარჯიშის დაწყებამდე საჭიროა გახურება (დახრები, ჩაჯდომები, გახურება საცეკვაო ელემენტებით), და, აგრეთვე, გაჭიმვის ვარჯიშები. გამოცდილ სპორტსმენებს, აგრეთვე მოცეკვავეებს, ბალეტის მსახიობებს აქვთ საკუთარი პროფესიული საიდუმლო: ვარჯიშის წინ კანზე აუცილებელია გამახურებელი საშუალების წასმა, რომელიც დააჩქარებს გახურების დროს და მოახდენს შეთბობის ეფექტს, რაც, რა თქმა უნდა, დაეხმარება სხეულს ვარჯიშისთვის მომზადებაში. გამახურებელი მალამოები, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, ლოკალიზებულად უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ მტკივნეული კუნთის მიდამოში.
ტკივილები ხერხემლის კისრის არეში
ყველაზე ხშირად მსგავსი ტკივილები ცხოვრებას უშხამებენ ჩოგბურთელებსა და ველოსიპედისტებს (ველოსიპედის საჭესთან მოუხერხებელი პოზის გამო). ექიმები გვირჩევენ ვარჯიშის შემდეგ ყინულის დადებას მტკივნეულ ადგილზე. თუ ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში არ წყნარდება, შესაძლოა მოხდა კისრის კუნთების დაჭიმვა ან სპაზმი, რაც გულისხმობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას, ფიზიოთერაპიას და სამკურნალო მასაჟის კურსს. თუმცა, ექიმები გვაფრთხილებენ: დაუშვებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების უკონტროლო გამოყენება! ეს საშუალებები ძალიან პოპულარულია იმ პაციენტებში, რომლებიც თვითმკურნალობას ეწევიან, რადგან ეს პრეპარატები სწრაფად ხსნის ანთებას და ახშობს ტკივილს. თუმცა ბევრმა არ იცის მათი უამრავი გვერდითი ეფექტების შესახებ! რაც ყველაზე მთავარია მათ შორის – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლული. წელის არეში ტკივილის შესამცირებლად, უნდა გამოიყენოთ გარეგანი საშუალებები – ანთების საწინააღმდეგო მალამო ან გელი, რომელთა შეძენა აფთიაქშია შესაძლებელი.
ხერხემლის დაზიანება წელის არეში
თითქმის ყველა სპორტსმენს, მიუხედავად სპორტული სახეობისა, დროდადრო, წელის არეში ხერხემლის ტკივილთან გამკლავება უწევს. აუცილებელია ნევროლოგთან მისვლა, ხერხემლის რენტგენის გადაღება ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ჩატარება.
ყველაზე ხშირად წელის ტკივილები ძალოსნებს, ბოდიბილდერებს, საბრძოლო ხელოვნებების ოსტატებს აწუხებს, რომლებსაც სიმძიმეების აწევა უწევთ, აგრეთვე ფიგურული სრიალის წარმომადგენლებს, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ ცივ ყინულზე და ხშირად უცივდებათ წელის მიდამო. კარგ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა სპეციალური შემთბობი მალამოები და გელები.
ჩოგბურთელის იდაყვი
მიუხედავად სახელწოდებისა, ეს ტრავმა არა მხოლოდ ჩოგბურთელებს აზიანებს არამედ პიანისტებს, მხატვრებს, მასაჟისტებს, გოლფის მოთამაშეებს, არმრესტლერებს. ეს დაავადება დაკავშირებულია პირველ რიგში სპორტულ ან პროფესიულ ტრავმასთან და კუნთების დაძაბულობასთან, გაძლიერებული ვარჯიშების და ხელით მრავალჯერადი ერთტიპობრივი მოძრაობების შესრულების გამო. ჩოგბურთელის იდაყვი იკურნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ინექციებით, ასევე ვარჯიშების სპეციალური კომპლექსით.
მორბენალის მუხლი
მუხლის მსგავსი ტრავმა უჩნდებათ სპორტსმენებს, რომლებსაც ბევრი სირბილი უწევთ, აგრეთვე, როგორც წესი, ნაკლებად გაწვრთნილ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ფორმაში ჩადგომა და ძუნძულით სირბილის დაწყება.
კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად ამ ტრავმას 50%-მდე მორბენალი ღებულობს. ტკივილის ლოკალიზება მუხლის კვირისტავის ქვეშ ან მის გარშემო ხდება, იმის გამო, რომ გამოიფიტება სახსრის ხრტილოვანი ქსოვილი, მუხლზე „ჭრაჭუნი“ და ტკაცუნი შეიმჩნევა მოძრაობის დროს. ყველაზე ხშირად ეს დიაგნოზი ისმევა მორბენალების, მოთხილამურეების, ფეხბურთელების, კალათბურთელების, ველოსიპედისტების შემთხვევაში.
მკურნალობა მდგომარეობს მტკივნეულ ადგილზე ყინულის დადებაში, დატვირთვებისგან დასვენებაში, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მალამოების გამოყენებაში, სპეციალურ ვარჯიშში (სამკურნალო ფიზკულტურა).
თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სპორტის სახეობებით ხართ დაკავებული, მიზანშეწონილი იქნება ვარჯიშზე წასვლისას თან მუდამ იქონიოთ სპეციალური გამახურებელი მალამო სპორტსმენებისთვის, რომელსაც აქვს შემთბობი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – მაგალითად, „კაპსიკამი®“. მალამო ცოტა ხნით კანზე სპეციალური აპლიკატორის დახმარებით უნდა წაისვათ. საშუალება სწრაფად შეიწოვება და უკვე რამდენიმე წუთში იგრძნობა მცირე წვა და სითბო, ამავდროულად მცირდება ტკივილის სინდრომი და კუნთების დაძაბულობა. მცირე დროის გავლის შემდეგ, მალამო მოსაწმენდია ზეთით ან კრემით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით. არ არის რეკომენდებული ამ საშუალების წყლით ჩამობანა: წყალი ხელს უწყობს გახურების ეფექტის მომატებას.
ბოლოს, ვიტყოდით, რომ, თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ სიმპტომს მაინც შენიშნავთ, დროებით შეაჩერეთ ვარჯიშები და კონსულტაციით მიმართეთ სპეციალისტს. ვარჯიშმა ტკივილის გაძლების ხარჯზე შეიძლება გამოიწვიოს ხრტილების დეგენერაცია და სხვა მძიმე შედეგები.
სპორტული მედიცინის მთავარი პოსტულატია – რაც უფრო ადრე დავიწყებთ თერაპიას, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგი!