ზურგის ტკივილი: მიზეზები, პროფილაქტიკა, მკურნალობა
ზურგის ტკივილი – ეს არის პრობლემა, რომელმაც ადრე თუ გვიან ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი.
ზურგის ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე (მეცნიერული ენით – ლუმბაგო, ყოველდღიურობაში მას ხშირად „ჭვალს“ უწოდებენ). ტკივილის ეს სახეობა შესაძლოა იყოს დაჟეჟილობების ან ტრავმების, ზედმეტი გადაციების ან სიმძიმეების აწევის შედეგი. ხშირად მწვავე ტკივილი წარმოადგენს ორგანიზმის ბუნებრივ რეაქციას ტრავმებსა ან სხვა დაზიანებებზე.
მწვავე ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან ექვს კვირამდე დროის განმავლობაში. ტკივილის პირველივე შეტევისას გამოიყენეთ ტკივილგამაყუჩებელი და ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატები. შესაფერისი პრეპარატის შერჩევაში დაგეხმარებათ ჩვენი ტესტი „პრეპარატის შერჩევა“
ტკივილის მეორე სახეობა – ქვემწვავე ტკივილი. ქვემწვავე ტკივილის დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როდესაც ტკივილის შეგრძნება არ ქრება 6-12 კვირის განმავლობაში.
ტკივილის მესამე სახეობა – ქრონიკული. ქრონიკული ტკივილის დიაგნოსტირებას ექიმი ახდენს მაშინ, როდესაც ტკივილის შეგრძნება პაციენტს უნარჩუნდება 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ქვემწვავე და ქრონიკული ტკივილის დროს საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს.
ზურგის ტკივილმა შეიძლება შეაწუხოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანი, მაგრამ ქრონიკულ ტკივილებს უფრო მეტად ხანდაზმული ადამიანები განიცდიან. ეს განპირობებულია იმით, რომ რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო განიცდის მისი ხერხემალი დეგენერაციულ ცვლილებებს.
როგორც ცნობილია, უფრო ადვილია ტკივილის ნებისმიერი გამოვლინებისა და დაავადებების გაფრთხილება, ვიდრე შემდეგ მათი მკურნალობა. მოდით, განვიხილოთ ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამო შეიძლება გაწუხებდეთ ზურგის ტკივილი.
ზურგის ტკივილის შესაძლო მიზეზები
- ჩონჩხ-კუნთოვანი ცვლილებები (დაჭიმვა, კუნთების ან ხერხემლის სახსრების ტრავმები);
- ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა (მაგალითად, „მჯდომიარე“ სამსახური, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა);
- ჭარბი წონა;
- მონოტონური ფიზიკური სამუშაო;
- ხერხემლის მეტასტატიკური სიმსივნეები;
- მრავალფეროვანი ანთებითი და ინფექციური დაავადებები;
- ხერხემლის სახსრების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგია;
- რადიკულიტი (რადიკულოპათია);
- დეპრესია, მუდმივი სტრესი.
ეს არის ის, ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ტკივილის და ავადმყოფობის გაფრთხილება მეტად უფრო ადვილია, ვიდრე შემდეგ მათი მკურნალობა.
ზურგის ტკივილების პროფილაქტიკა
- თუ თქვენ „მჯდომიარე“ სამსახური გაქვთ, აუცილებლად წამოდექით და იმოძრავეთ ყოველ 45-60 წუთში ერთხელ. ასევე მნიშვნელოვანია სწორად იჯდეთ. ზურგი სწორად დაიჭირეთ, მიეყრდენით სკამის ზურგს, მიიღეთ კომფორტული პოზა, გაშალეთ მხრები. ფეხები იატაკს უნდა ეხებოდეს (თუ ეს ასე არაა, დაარეგულირეთ სკამის სიმაღლე ან დაიდგით ახალი სკამი).
- დაიცავით ოპტიმალურად მოძრავი რეჟიმი და დაიწყეთ დილა ვარჯიშით (შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან, რომელიც შეგიდგენთ სამკურნალო ვარჯიშის ოპტიმალურ კურსს). რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ ფეხით. მაშინაც კი, როდესაც სამსახურამდე მანქანით მიემგზავრებით, გამონახეთ სამუშაო დღეებში ცოტა დრო ფეხით გასეირნებისთვის. შეიძინეთ ნაბიჯების გამზომი და დაითვალეთ, რამდენ ნაბიჯს აკეთებთ დღეში (საჭიროა არანაკლებ 10 000).
- გააკონტროლეთ საკუთარი წონა, ის არ უნდა იყოს ზედმეტი ან არასაკმარისი. გამოიყენეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სხეულის მასის საზომი კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ ირიბად განსაზღვროთ არის თუ არა ნორმაში თქვენი სხეულის წონა.
- ნუ ასწევთ სიმძიმეებს (5-6 კგ-ზე მეტი – თუ ქალბატონი ბრძანდებით, 8 კგ-ზე მეტი – თუ მამაკაცი ბრძანდებით). თუ მაინც გიწევთ სიმძიმეების აწევა, თანაბრად გადაანაწილეთ დატვირთვა ორივე ხელზე.
- გახსოვდეთ, რომ ტკივილი შეიძლება სრულიად მოულოდნელად და აბსოლუტურად ნებისმიერ ადგილას დაგადგეთ თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველთვის ატაროთ თან ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.
- მიუდექით სიფრთხილით სპორტის ყველაზე ტრავმულ სახეობებს. მაგალითად, სამთო-სათხილამურო, კრივი და ა.შ. აჯობებს თუ ცურვას აირჩევთ – ეს არა მხოლოდ სასარგებლო სპორტის სახეობაა როგორც ზურგისთვის, ასევე სახსრებისთვის, არამედ საუკეთესო აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ დაისვენოთ და განწყობა აიმაღლოთ.
- თუ დიდი ხნის განმავლობაში დგომა/ჯდომა გიწევთ (მაგალითად, რიგში), შეეცადეთ შეცვალოთ პოზა ყოველ 15 წუთში. თუ დგახართ, რამეს დაეყრდენით, მაგალითად, კედელს.
- არ ინერვიულოთ. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ხელსაყრელი ფსიქოლოგიური მიკროკლიმატი სახლში და სამსახურში – მშვიდად მიუდექით პრობლემებს, არ ინერვიულოთ, ნუ დაიღლით თავს უარყოფითი აზრებით, უბრალოდ იპოვეთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
- არ დაიძინოთ ძალიან მაგარ ან ძალიან რბილ მატრასზე. ყველაფერს აჯობებს, თუ სპეციალურ ორთოპედიულ მატრასს შეიძენთ.
- თუ ამის საშუალება გაქვთ, ჩაეწერეთ პტოფილაქტიკური მასაჟის კურსზე. ეს დაგეხმარებათ კუნთების ტონუსის შენარჩუნებაში.
- ბოლო, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი, პუნქტი ჩვენს სიაში: თუკი ზურგის ტკივილი რეგულარულად გაწუხებთ, მაშინაც კი, თუ ტკივილი საკმაოდ ასატანია – მიმართეთ სპეციალისტს. ადამიანების უმრავლესობა დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს ტკივილის მიზეზს, არადა მკურნალობის საჭირო მეთოდები პირდაპირ უკავშირდება მიზეზს.
ზურგის ტკივილის მკურნალობა
მკურნალობის ოპტიმალური კურსის დანიშვნა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია – ექიმთან ჩაწერა.
რომელ ექიმს მივმართოთ? თავდაპირველად, უნდა ჩაეწეროთ თერაპევტთან, ის კი, სიმპტომების მიხედვით, მოგცემთ მიმართვას საჭირო სპეციალისტთან. უმეტეს შემთხვევაში, ეს ნევროლოგი ან ვერტებროლოგია.
რა მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს? სპეციალისტის მიერ დიაგნოსტირებული კონკრეტული დაავადების მიხედვით, შესაძლოა მიიღოთ შემდეგი რეკომენდაცია: სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ვარჯიში, მედიკამენტოზური მკურნალობა, ფსიქოთერაპიული საშუალებები. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
იყავით ჯანმრთელნი და არასდროს მიანდოთ დაავადება დინებას!