საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები: მათი სახეები, როგორ ავიცილოთ თავიდან, როგორ ვუმკურნალოთ
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები – ეს არის პრობლემა, რომლის წინაშე ადრე თუ გვიან ნებისმიერი ადამიანი დამდგარა. თითქმის ყველა ჩვენგანი დაცემულა ყინულზე ან ასფალტზე. „ფეხი ვიღრძე“, – ეს ფრაზა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნებისმიერ ადამიანს უთქვამს.
უსაფუძვლოდ რომ არ ვილაპარაკოთ, მოდით სტატისტიკას მივმართოთ. სამეცნიერო სტატიაში „საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის შეთავსებული და მრავლობითი ტრავმის სტრუქტურის ანალიზი“, პ. ა. სელივერსტოვი, ი. გ. შაპკინი და ი. ე. აკრამოვი გვიზიარებენ ქ. სარატოვში ჯანდაცვის მუნიციპალურ დაწესებულება „აკადემიკოს ვ. ა. კოშელევის სახელობის №6 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს“ ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ჩატარებული კვლევის შედეგებს. კვლევის თანახმად, 2010 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობას გადიოდა 100 პაციენტი, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის შეთავსებული და მრავლობითი ტრავმით. პაციენტთა 70%-ს შრომისუნარიანი ასაკი ჰქონდა. უკიდურესად მძიმე ტრავმა აღენიშნებოდა ოთხ დაზარალებულს, მძიმე ტრავმა – 82-ს, საშუალო სიმძიმის ტრავმა კი – 14 ადამიანს.
აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ერთი საავადმყოფოს სტატისტიკური მონაცემებია, რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ადამიანი დახმარებისთვის არ მიმართავს სპეციალისტს.
ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები და რა შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს. დღეს ჩვენ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები საკმაოდ მრავალფეროვანია, პირობითად მათი დაყოფა შემდეგი სახეობების მიხედვით არის შესაძლებელი:
- ღია და დახურული მოტეხილობები;
- ბზარები;
- ნაღრძობი;
- მყესების დაჭიმულობა ან გაწყვეტა;
- დაჟეჟილობა.
როგორ ავიცილოთ თავიდან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები:
- ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფეხსაცმელს. პირველ რიგში – ის კომფორტული უნდა იყოს და შემდეგ უკვე მოდაზე შეგიძლიათ იფიქროთ. მოერიდეთ მაღალქუსლიან (არაუმეტეს 5 სმ) ფეხსაცმელს – ის არა მხოლოდ ნაღრძობების და დაჭიმულობების რისკს ზრდის, არამედ დამატებით დატვირთვას ახდენს თქვენს სახსრებზე.
- თუ ქუჩები მოყინულია, ფეხსაცმელი ნაკლებ სრიალა უნდა იყოს.
- სპორტული ვარჯიშის დროს, გამოიყენეთ დამცავი საშუალებები და გახსოვდეთ უსაფრთხოების ზომები. სპორტის თითოეულ სახეობას თავისი დაცვის საშუალებები აქვს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია: ჩაფხუტი, იდაყვის ბალიშები, მუხლების ბალიშები, დამცავი ხელთათმანები და შუქის ამრეკლი ჟილეტები.
- სპორტული ვარჯიშების დაწყებამდე, გაეცანით უსაფრთხოების ზომებს ან/და გაიარეთ ინსტრუქტაჟი მწვრთნელთან. არ დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ ვარჯიშს წინ გახურება უძღვის. თუ სპორტით რეგულარულად ხართ დაკავებული, მაშინ შეარჩიეთ კარგი გამახურებელი მალამო (მაგალითად, კაპსიკამი®).
- ქუჩაში სწორად იმოძრავეთ. არასოდეს არ იჩქაროთ. აჩქარება ცუდი თანამგზავრია, რომელიც უამრავ ტრავმას იწვევს. იარეთ ოპტიმალური ტემპით, ნუ გააკეთებთ ფართო ნაბიჯებს, სხეული ოდნავ წინ გადახარეთ, მინიმუმ ერთი ხელი ჩანთებისგან, პარკებისგან და ა.შ. თავისუფალი დატოვეთ.
- თუ გრძნობთ, რომ ეცემით, შეეცადეთ დაცემა შეამსუბუქოთ. გაიხსენეთ ფიზკულტურის გაკვეთილები – „შეჯგუფდით“. ნიკაპი მჭიდროდ მიადეთ გულმკერდს, იდაყვები კი – გვერდებს, ოდნავ მოხარეთ ფეხები მუხლებში. დაცემის შემდეგ შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა – თუ ტკივილს არ გრძნობთ, თავბრუ არ გეხვევათ, თვალებში არ გიბნელდებათ, გულისრევის შეგრძნება არ გაქვთ, და ხვდებით, რომ მხოლოდ მცირე შიში გადაიტანეთ – გზა გააგრძელეთ. თუ ამ სიმპტომებს შორის ერთს მაინც აქვს ადგილი – სთხოვეთ დახმარება გამვლელებს, შესაძლოა სასწრაფო დახმარების გამოძახება დაგჭირდეთ.
- „ყური დაუგდეთ“ თქვენს ორგანიზმს. სხეული ყოველთვის გვაწვდის სიგნალს, თუ რამე წესრიგში არ არის. თუ მოთენთილობას და დაღლილობას გრძნობთ – ვარჯიშებზე დროებით უარი თქვით. თუ მშიერი ხართ, გადაიღალეთ ან ცუდად გამოიძინეთ – არ მიიღოთ მონაწილეობა აქტიურ საქმიანობაში.
როგორ ვიმკურნალოთ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები:
თვითმკურნალობით მხოლოდ ტრავმის დამძიმებაა შესაძლებელი. აუცილებლად უნდა მიმართოთ ტრავმატოლოგიურ პუნქტს ან გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, თუ თავად ვერ ახერხებთ ტრავმ-პუნქტამდე მისვლას.
რა შემთხვევებში უნდა მივმართოთ ექიმს:
- ნებისმიერი ტკივილი (ძლიერი, საშუალო, სუსტი). მაშინაც კი, თუ ტკივილი საკმაოდ ასატანად მიგაჩნიათ, ექიმს უნდა მიმართოთ. უმჯობესია ზედმეტად გამოკვლევა ჩაიტაროთ, ვიდრე პრობლემა გაამწვავოთ;
- ტრავმირებული ადგილის დეფორმაცია;
- ტრავმირებული ადგილის გასიება ან შეშუპება;
- ტრავმირებული ადგილის არეში კანის ფერის ცვლილება;
- თავბრუსხვევა, მაღალი ტემპერატურა, გულისრევის შეგრძნება, განცდა, რომ ფეხები გისუსტდებათ – თუ გრძნობთ, რომ ტრავმის შემდეგ ეს სიმპტომები აღმოგაჩნდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.
ფრთხილად იყავით და ეცადეთ თავიდან აიცილოთ ტრავმები! ხოლო თუ ეს უსიამოვნება მაინც გადახდა თქვენს თავს, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ „თავად გაივლის“, უმჯობესი იქნება რაც შეიძლება სწრაფად მიმართავთ ექიმს დახმარების მისაღებად.